ისტორიული მატჩი თბილისში – ვითარება დინამო არენაზე (ვიდეო)

დიდი საფეხბურთო დაპირისპირება დაიწყო. 90 წუთში, ან შესაძლოა დამატებით დროში, ან სულაც პენალტების სერიით, გაირკვევა, ვინ გავა ევროპის 2024 წლის ფინალურ ეტაპზე, რომელიც ზაფხულში, გერმანიაში გაიმართება.

დინამო არენა ბოლომდე სავსეა. დღეს შესაძლოა, ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია დაიწეროს. საქართველოსთვის ეს პირველი შანსია და ახლა ქართველ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, იქცევა თუ არა დღევანდელი მატჩი ეროვნულ ზეიმად.

საქართველოს ნაკრები მინდორზე უძლიერესი შემადგენლობით თამაშობს. გუნდს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია. მინდორზე იქნებიან გიორგი ჩაკვეტაძეც და ყაზახეთთან 2 გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძე. ფეხბურთელების განწყობა განსაკუთრებულია, რადგან თითოეული მათგანისთვის ეს არის შანსი შევიდეს ისტორიაში და კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აწიოს ქართული ფეხბურთის ღირსება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.

ბრძოლისთვის მზად არის საბერძნეთის ნაკრებიც, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე უძლიერეს გუნდებთან შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. ნახევარფინალურ შეხვედრაში ყაზახეთი დაამარცხა და ახლა საქართველოს უპირისპირდება.

 

მსგავსი თემები