შვებაა იმ პარტიებისთვის, რომლებიც არ არსებობენ სინამდვილეში – პაპუაშვილი პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე

შვებაა იმ პარტიებისთვის, რომლებიც არ არსებობენ სინამდვილეში, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებულ ცვლილებას.

,,ეს ეხება პარტიებს, რომლებიც არის უმოქმედო და რეალურად ფურცელზე არსებობენ მხოლოდ და ეს არის მათთვისაც შვება, იმ პარტიებისთვის, რომლებიც არ არსებობენ სინამდვილეში და ამით სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ რეესტრი განიტვირთოს მკვდარი პარტიებისგან, არარესებული პარტიებისგან, და იყოს უფრო მეტი სიცხადე პარტიულ ლანდშაფში. მათ შორის, პარტიული ლანდშაფტისთვისაც არის შეიძლება საინტერესო იმ მხრივ, რომ დიდი რაოდენობა რომ არ იქნება პარტიების ეს მეტ სიცხადეს შემოიღებს, შეიძლება ვიღაცისთვის საინტერესო იყოს, რომ რაღაც დასახელება პარტიის გამოთავისუფლდეს და შემდეგ დაფუძნდეს ასეთი დასახელების პარტია”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 26 თებერვალს დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო პარტიის დარჩენილი ქონების სახელმწიფო ხაზინისთვის გადაცემას, იმ შემთხევავაში, თუ პარტია ბიუროს 2 წლის განმავლობაში არ წარუდგენს ფინანსურ დეკლარაციას.

მსგავსი თემები