,,გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია ,,ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” – სალომე ზურაბიშვილი

ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს.

,,გაფრთხილებთ ყველას, დაინახეფთ და შეიგრძენით, რომ ქვეყანა და ჩვენი უაღრესად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს, ერთი მეორის გამომრიცხავ და გამანადგურებელ არჩევნებს, რევანშის ქადაგებას და განტევების ვაცის გაუთავებელ ძიებას. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა, რაც მთავარია, ქვეყნის მომავლის დანახვა და ამ ქვეყანაში საკუთარი პერსპექტივის აღმოჩენა და დაჯერება.

ამიტომ, დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი. ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება. მიზანი გაგვაჩნია – ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია -„ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.

,,სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს, რამეთუ წარსულიდან წამოსული დაქსაქსულობა და დაპირისპირება, მხოლოდ სკეპტიციზმს  და უიმედობას გააღვივებს, რაც პირველ რიგში, ქვეყანას ასუსტებს.

გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე  მხარის, თუ პარტიის გამარჯვება, არამედ ერთობის, ევროპულობის და ქვეყნის გამარჯვება. ისე, როგორც 15 დეკემბერს  გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ, ასევე ახლაც საქართველო უნდა გამოვიდეს გამარჯვებული: რეფორმების გატარებითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ეს  სტაბილურობის, მშვიდობისა და წინსვლის ერთადერთი გარანტიაა”, – ამბობს ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები