ჯანმო რეკომენდაციას იძლევა, კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები გაძლიერდეს

„უახლესი კვლევები და მონაცემები ქვეყნებიდან ადასტურებს, რომ ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი იარაღია პანდემიის სამართავად, ავტორიზებულ თერაპიულ საშუალებებთან ერთად, რომლებიც ერთობლივად უდიდეს პოზიტიურ როლს თამაშობენ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირებაში“ – ასეთია ჯანმო-ს დასკვნა.

ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, ქვეყნებმა პრევენციული ღონისძიებები გააძლიერონ.

„გენერალური დირექტორის რეკომენდაციაა, რომ გაგრძელდეს რიგი პრევენციული ღონისძიებების შესრულება. ქვეყნებმა აღადგინონ განახლებული მიდგომებით ტესტირების რეჟიმი და მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ვაქცინაციას და ბუსტერის ადმინისტრირებას იმუნიტეტის გასამყარებლად“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის რეგიონის დირექტორის, ჰანს კლუგეს  განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა ინფიცირების ახალი ტალღის შესაკავებლად დროულად მიიღონ რეაგირების რიგი ზომები, როგორიცაა ვაქცინაცია და ბუსტერის ადმინისტრირება, ნიღბის ტარება, რათა აცილებული იქნას ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გადატვირთვა.

„ეს აუცილებელია, რომ ზამთრის პერიოდში აცილებული იქნას მეტად მკაცრი ზომების შემოღება, რაც დიდ ტვირთად აწვება ქვეყნის ყველა სექტორს. COVID-19-ის ეპიდზედამხედველობის სისტემის გაძლიერება და სხვა რესპირაციულ ვირუსებზე მეთვალყურეობა ეროვნული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემების მნიშვნელოვანი კომპონენტია, ხოლო მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნა ვირუსთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი იარაღია, რომლის გათვალისწინება აუცილებელია“ – აცხადებს ჰანს კლუგე.

მსგავსი თემები