,,სააკაშვილს ვურჩევდი, მეტი გაბედოს, თავისი თამაში გაბედოს”- იაგო ხვიჩია

,,სააკაშვილს ვურჩევდი, მეტი გაბედოს, თავისი თამაში გაბედოს და ყველა რჩევა დაივიწყოს, რასაც მას თანაგუნდელები აძლევენ,”-  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა ჯერ უნდა თქვას, რა შეცდომები დაუშვა და სამართლიანი სასამართლო როგორ წარმოუდგენია.

„სააკაშვილი ამბობს, რომ მას შეცდომა ჯერ არ დაუშვია და ყველაფერს სწორად აკეთებდა – ხალხო, თქვენ ხართ ზარმაცი და უსაქმურები, რომ პატიმრობიდან არ გამოგყავართო. ამით ხალხი არ გამოდის. სააკაშვილმა ჯერ უნდა თქვას, რა შეცდომები დაუშვა და სამართლიანი სასამართლო როგორ წარმოუდგენია. მგონი, თავის მოკატუნებას უნდა მორჩეს, თითქოს სასამართლოში შეცდომა არ დაუშვია, ყველაფერი რიგზე იყო და ხალხმა ვერ გაუგო. ახლა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოსვლა სათანადოდ არ უნდა. ციხიდან გამოშვება გინდოდეს ორი წელი და ახალს არაფერს ამბობდე, ასეთი სურვილის არ მჯერა. მგონია, მიხეილ სააკაშვილს ატყუებენ – „ნაცებიც“ ატყუებენ, რომ არაფერი უნდა აღიაროს და ყველაფერი სწორად მიმდინარეობს. მგონი, „ქოცებიც“ ატყუებენ, თუ ასე გააგრძელებ, არჩევნებამდე გამოგიშვებთო. სააკაშვილს ვურჩევდი, მეტი გაბედოს, თავისი თამაში გაბედოს და ყველა რჩევა დაივიწყოს, რასაც მას თანაგუნდელები აძლევენ. ეს არის ცრუ იმედი. ვისაც სააკაშვილისთვის კარგი უნდა, უნდა ეუბნებოდნენ, მიშა, აზრზე მოდი და პოლიტიკოსი გახდი, პოლიტიკოსივით ქცევა დაიწყე და არ გააგრძელო პატარა ბავშვივით ჭირვეულობა, რადგან ხალხს არ უყვარს ჭირვეული პრეზიდენტები და არც ციხიდან უშვებენ. რამდენ ადამიანს უნდა, რომ მიშას სახელით პარლამენტში შესრიალდეს და ელოდებიან, რომ ვიდრე ციხეშია, მათი პარლამენტში შესვლა არ გააპროტესტოს. მას ვთავაზობ, რომ ლოკომიტივი თავად იყოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები