მიხეილ სარჯველაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე რეკომენდაციებს ავრცელებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე რეკომენდაციებს ავრცელებს.

„არაფერი იქნება იმაზე უკეთესი, თუ საერთოდ არ გამოვიყენებთ პიროტექნიკას ჩვენი სიხარულის გამოსახატად და შევეცადოთ ამისთვის სხვა საშუალებები მოვნახოთ. თუ მაინც გადაწყვეტთ ამ სახით სიხარულის გამოხატვას და სხვებისთვის გაზიარებას, მაშინ გთხოვთ:

1. პიროტექნიკის შეძენისას მიაქციეთ ყურადღება მასალის ხანდაზმულობას. არ არის გამართლებული ძველი მასალების გამოყენება. ის მომეტებულ საფრთხეს შეიცავს;

2. აუცილებლად მაქსიმალურად ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს და პირობებს;

3. მაქსიმალურად მოაცილეთ პიროტექნიკის გამოყენებას მოზარდები. არ დაუშვათ, რომ მათ დამოუკიდებლად გამოიყენონ პიროტექნიკა;

4. თრობის მდგომარეობაში გამორიცხეთ პიროტექნიკის გამოყენება;

5. პიროტექნიკის გამოყენებისას სიახლოვეში მყოფმა ნებისმიერმა ადამიანმა უნდა ატაროს დამცავი სათვალე;

6. არავითარ შემთხვევაში ერთდროულად რამდენიმე ერთეულის დანთება არ სცადოთ;

7. ანთებული პიროტექნიკა არ შეიძლება დაიკავოთ ხელში. აუცილებელია მისი სტაციონარულად მყარად დამაგრება და მხოლოდ ასე გამოყენება;

8. არასდროს აანთოთ პიროტექნიკა დახურულ სივრცეში;

9. გამოყენებისას აუცილებლად მაქსიმალურად უნდა დააშოროთ პიროტექნიკის გამოყენების ადგილი სხვა ადამიანებს, სახლებს. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო აალებადი ნივთიერებების სიახლოვეს;

10. სტაციონარულად მყარად დამაგრების შემდეგ მაქსიმალურად უნდა მოცილდეთ პიროტექნიკის მასალას, უსაფრთხო დისტანციაზე.

კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, რომ გამოიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეთ გარემოს, საკუთარ და ჩვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები