,,ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა” – ამილახვარი

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საჯარო სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან ,,რიგი საკითხებია მოსაგვარებელი”.

,,ჩვენ რომ ამ საკითხის განხორციელება დავიწყოთ, გვაქვს რიგი საკითხები მოსაგვარებელი: ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები, ზოგადად, სკოლის შენობაში ე.წ. ბუფეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შემდგომ უკვე გარკვეული მოდელების ჩაშვება იმ კატეგორიისთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ თქვენ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენის ადამიანისთვის სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფომ, ბუნებრივია, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში და ამის განხორციელებაში ვართ… იცით რამხელა პროექტებიც გვაქვს, ალბათ. […]

როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ და ეს უახლოეს 2-3 წელიწადში გვარდება, შემდგომ დგება უკვე ეტაპობრივად ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა. პირველი პრობლემა რაც არის, ეს არ არის ფინანსური და სოციალური პრობლემა, ჩვენ სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებს ისედაც ვეხმარებით. იცით, 200-ლარიანი პაკეტით ყოველთვიურად, აქ არის საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჭირო და ეს რომ გავაკეთოთ ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით, აქ მთავარია გვქონდეს ინფრასტრუქტურა”, – თქვა ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მინისტრის ბრძანება, რომელიც წლებია არ განახლებულა და დღეს არსებულ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ამიტომ, განათლების მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე დამტკიცდება ახალი ბრძანება, რათა სკოლების სასადილოებში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს.

მსგავსი თემები