თბილისის საავტომობილო გზების განტვირთვის მიზნით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება მომზადდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე,  დიდი გაბარიტების მქონე (M3, N2 და N3 კატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებების თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილისა თუ  დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.

ასევე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის/დროის დარღვევით მიწოდება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი ან/და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ბავშვები; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, კანონპროექტის  მიღების შედეგად საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობა გაუმჯობესდება.

„შეზღუდვების განხორციელების პირობებში დიდი გაბარიტების მქონე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების წილი სატრანსპორტო საშუალებების მთლიან რაოდენობაში პიკის საათებში  შემცირდება, რაც შექმნის ე.წ. საცობების განტვირთვის შესაძლებლობას”, -განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

მსგავსი თემები