არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტმა ისეთი ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც პირობითად ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება – კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი იმდენად აქტიურად არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, არ გამოვრიცხავ, ისეთი ღია ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც პირობითად ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება იმ ალიანსის გაშიშვლება, რომელიც არის შემდგარი სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

„ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სხვათა შორის, ზურაბიშვილის შეწყალებული გვარამია საუბრობდა, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გრიგორიადისი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია იმ ინფორმაციასთან, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ტრენინგებზე აქცენტი კეთდებოდა ახალგაზრდებზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, პირდაპირ იყო საუბარი, რომ ახალგაზრდებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ასე შემდეგ. ეს სიტყვები მოვისმინეთ დღეს იმ ტრენინგებიდან, რომლებიც სერბი კმარელების მხრიდან ტარდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არის სცენარი – ასეთი ახალგაზრდების მონაწილეობით რაღაც ექსტრემისტული პროცესების დაგეგმვა. სალომე ზურაბიშვილი უკვე იმდენად აქტიურადაა ჩართული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, არ გამოვრიცხავ, ასეთი ღია ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც პირობითად ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება. ეს იქნება იმ ალიანსის გაშიშვლება, რომელიც არის შემდგარი სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები