დაკავებულია პირი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-ზე მეტი პირი დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ეტაპად განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და თანხა. დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 41 პირი, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. ისინი იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები არიან.

,,დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელმაც სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით”, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ.

მსგავსი თემები