,,ყოველი აფრენისას მოწმდება, დაუშვებელია, ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან”- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი 29 ივლისს გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება. უწყების განმარტებით, ვერტმფრენის ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება ვერტმფრენის შემოწმება და დაუშვებელია, რომ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან და მართონ.

,,პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბორტზე მყოფი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები: პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ვიცე- პოლკოვნიკი ლევან ჩოხელი, მაიორი დიმიტრი ქააძე და ლეიტენანტი ანდრო ქუჯოშვილი თავისი საქმის მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ. ბორტს მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საფრენოსნო მომზადების დარგში, პოლკოვნიკი ზაზა ლორია, რომელიც 1992 წლიდან გახლდათ მფრინავი და წლების განმავლობაში მეთაურობდა შვეულმფრენების ესკადრილიას.

პოლკოვნიკი ზაზა ლორიას ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში, განხორციელებულა ბევრი, რთული სამაშველო ოპერაცია და მას უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ბაზაზე ვერტმფრენის ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება ვერტმფრენის შემოწმება და დაუშვებელია, რომ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან და მართონ.

აღსანიშნავია, რომ 2019 – 2022 წლებში სასაზღვრო პოლიციის ავია პარკი სრულად განახლდა, რაც გულისხმობს, რომ ყველა ვერტმფრენი რეგლამენტირებული, გამართული და განახლებულია”,- აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით,  “სუპერ პუმას” სამაშველო ოპერაციებში ვერ იყენებს, რადგანს ის 2011 წელს შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე შეიძინეს.

გვსურს ასევე განმარტება გავაკეთოთ, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ 2 ,,სუპერ პუმასთან“ დაკავშირებით, რომელიც 2011 წელს შესყიდული იყო სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე. სწორედ ამიტომ სუპერ პუმის გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში (ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად). განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთ ერთი სუპერ პუმა, რომელიც სპეციალური შეკვეთით, მაღალი კლასის სალონითა და დიზაინითაა დამზადებული და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადაადგილების მიზნით გამოიყენებოდა.

ვერტმფრენი ,,მი – 8“ გამოიყენება ძებნა – გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა.

ასევე, მედიაში გაჟღერებული ფაქტი, რომ ,,სუპერ პუმა“ კახეთის რეგიონშია ჩარჩენილი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ,,სუპერ პუმა“ ამოყვანილია ლაგოდეხის დასაცავი მონაკვეთიდან და დასაწყობებულია ავიაციის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ბაზაზე”, – ნათვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები