,,ერთ-ერთმა დაკავებულმა ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე”- სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა,პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ისაუბრა.

,,საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2023 წლის 31 ივლისს რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ, ბათუმის ნავსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე) მუხლებით, ცხრამეტი პირი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი უკრაინის მოქალაქე.

სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ. მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. დაკავებული რ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხოლო, ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას და ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას,”- – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები