,,ეტყობა, ახლა ბათუმში ისვენებენ და იქ უფრო ადვილია, დადგან სპექტაკლი”- ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, ბათუმში რაც ხდება,  ორმაგი სტანდარტის დემონსტრირებაა.

„მათი ლიდერი სახმელეთო საზღვარზე ეპატიჟებოდა, როცა ჯერ კიდევ რუსების მიერ დაბომბილ ჩვენს სახლებს ბოლი ასდიოდა, ჩვენი ბიჭების ცხედრები ისევ ბრძოლის ველზე იყო დაყრილი და ესენი კიდევ ეპატიჟებოდნენ რუსებს საზღვარზე. ეს როგორ არის?!  გემით შემოვა თუ ლარსის ხეობით ავტომობილით რა განსხვავებაა? თუ ჰგონიათ, ვინც ლარსიდან შემოდის, ყველა ისე ფიქრობს, როგორც ჩვენ გვაწყობს? სააკაშვილი და მაშინდელი „ენჯეოშნიკები“ ერთად ეპატიჟებიდნენ რუსებს. აი, ქალბატონი ლიაკა, რუსული ფულით რომ ფინანსდება, ახლა რომ ვაშაძე გაემიჯნა. ვაშაძე რომ გაგემიჯნება, წარმომიდგენია, რა პოლიტიკოსი ხარ და ხაბეიშვილს რომ მიანიჭებს უპირატესობას, შემირცხვენია ასეთი პოლიტიკოსი. მიტინგების ფასიანი წამყვანი რომ არის მშვილდაძე, გახსოვთ მათი განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით, შემოვიდნენ, ფული უნდა დახარჯონო –

ახლა არ მოსწონთ? ეს არის ორმაგი სტანდარტი. გახსოვთ, ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი რომ არ შემუშვეს, როგორ გაერთიანებულად გვიტევდნენ ოპოზიციიდან ეს ხელმოცარულები. როცა აწყობთ მაშინ შემოსაშვებია, თუნდაც დარღვეული ჰქონდეს ოკუპაციის შესახებ კანონი ამა თუ იმ ადამიანს და როცა მათთვის მიუღებელია, იქ უკვე მედგრად, ცრუ პატრიოტიზმს და რაღაცეებს იგონებდნენ. ეს არის ამათი სახე. ახლა იციან, რომ არჩევნები მოახლოვდა, პულსი არ ესინჯებათ და რაღაცით ხალხი ხომ უნდა გაართონ. ამიტომ ხართ უსახურები, უპრინციპოები და ამიტომაც არის, რომ ქართველმა ხალხმა შეგნებულად და გააზრებულად პოლიტიკურ სანაგვეზე მოგისროლათ. ლარსს იმიტომ ვერ ირჩევენ, რომ ლარსი სწორედ მათმა ბელადმა გახსნა რუსებისთვის და უვიზო მიმოსვლა დაუწესა. იქ აქციებს მართავდა, რომ, აბა, შემოდით, ლამის უჩოქებდა და სთხოვდა, რომ შემოსულიყვნენ. ლარსის გახსნა თავიანთ ბელადს უკავშირდება და იქ როგორ მივლენ. ეტყობა, ახლა ბათუმში ისვენებენ და იქ უფრო ადვილია, დადგან სპექტაკლი,”- განაცხადა ზარქუამ.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები