„ეს არის მიგრანტების მატება და არა ტურისტების ნაკადი, სტატისტიკა არარეალურია” – შალვა ალავერდაშვილი რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებზე

,,სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე ტურისტულ სეზონზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში შესაცვლელია სტატისტიკის დათვლის თემა და რუსეთიდან შემოსული ბევრი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ტურისტად არ უნდა ითვლებოდეს.

,,სტატისტიკის ის ციფრები, რაც დაიდო ჩვენთვის არის აბსურდული! ნამდვილად უნდა შევცვალოთ სტატისტიკის დათვლის თემა. როდესაც ადამიანი საზღვარს გადმოკვეთს და ორი-სამი თვე გაჩერებულია ქვეყანაში, ის საშუალოდ დღეში ხარჯავს გარკვეულ თანხას ტურიზმის სექტორში. სავარაუდოდ, ასე თვლიან დღეს ტურისტიდან შემოსავალს. სტატისტიკურად ასტრალურად დიდი ზრდაა რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების.

ის ციფრები, რაც გამოცხადებული იყო, ჩვენთვის იყო არარეალური. რუსეთიდან რეალურად არის მიგრანტების მატება და არა ტურისტების ნაკადი. უამრავმა რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ბინა შეიძინა, ბევრმაც იქირავა და ასე ცხოვრობენ. ეს ტურიზმის ნაწილი აღარ არის. ესენი არიან მიგრანტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საცხოვრებლად ჩამოვიდნენ. როგორღაც უნდა გავმიჯნოთ ტურიზმიდან და მიგრანტებიდან შემოსული შემოსავალი ერთმანეთისგან. იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ტურიზმის სექტორს ემატება და ეს ტურიზმის შემოსავლად ითვლება. ეს კი ასე ნამდვილად არ არის”, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები