სამეგრელოში 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინეს

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 50 წლამდე ასაკის მამაკაცს სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადაკვალიფიცირდა მუხლი, კერძოდ,სსკ-ის 140-ე მუხლიდან სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ბრალდებულის ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. სასამართლო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ დანაშაულის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, დედამ არასრულწლოვანი გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში, მუცლის არეში ტკივილის გამო მიიყვანა და აღმოჩნდა, რომ ის რამდენიმე თვის ორსულია.

არსებული ინფორმაციით, დედამ გოგონა ქუთაისის კლინიკაში აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა, თუმცა ექიმებმა ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს.

როგორც ცნობილია, დედამ და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს.

მსგავსი თემები