,,რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება”- ანდრია ჯაღმაიძე

,,რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული მედიასაშუალებები,”- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი და ეკლესიის ძალისხმევა და მოწოდება სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა.

,,ბოლო დროს ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან გახშირდა მცდელობა, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ინციდენტების (ცემის ფაქტები) პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მომართოს, რადგან, მათი თქმით, პატრიარქი ახსენეს ასეთი ინციდენტის დროს.

პირველ რიგში, გარკვევით ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ. საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე ჩვენ კარგად გვესმის, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფლებს და რეალურად ვიფიქროთ, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი.

ვთხოვთ ყველას, უბრალოდ გავიხსენოთ სატელევიზიო სიუჟეტები, მათი გააფთრებული (არ მოვერიდები ამ სიტყვას გამოყენებას) საჯარო გამოსვლები მიტინგებსა და აქციებზე, ინტერვიუები, რომლებიც აღსავსე იყო სასულიერო პირების, მათ შორის – პატრიარქის, დაცინვითა და ქილიკით, შეურაცხყოფით, ძალადობისაკენ მოწოდებით.

ამ დროს კი საპატრიარქოს მხრიდან მსგავსს ვერაფერს აღმოვაჩენთ, ისევე როგორც ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ვერ აღმოვაჩენთ საზოგადოების შერიგებისთვის გადადგმულ ნაბიჯს. ამ ქმედებებიდან და დამოკიდებულებიდან ადვილად მივხვდებით, ვისი მიზეზით იზრდება დაპირისპირება, შუღლი და შეურაცხყოფა საზოგადოებაში.

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი და ეკლესიის ძალისხმევა და მოწოდება სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული მედიასაშუალებები.

სიცხადისთვის აქვე მოვიყვანთ სტატისტიკას:

ბოლო ათი წლის განმავლობაში მედიასაშუალებებით გავრცელებული უარყოფითი და კრიტიკული მასალები მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს შესახებ (წლები და რაოდენობა):

  • 2012 – 78
  • 2013 – 136
  • 2014 – 146
  • 2015 – 143
  • 2016 – 91
  • 2017 – 295
  • 2018 – 387
  • 2019 – 1109
  • 2020 – 866
  • 2021 – 1038
  • 2022 – 286

ჯამში: 4557. ეს სტატისტიკა მრავლისმთქმელია. საზოგადოება ბრძენია და ის ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები