„ერთ დღეში 780 კილომეტრი გავიარე, მოსკოვამდე დარჩენილი იყო 200 კილომეტრზე მეტი“ – „ვაგნერის“ ხელმძღვანელი აჯანყების მიზეზებზე ალაპარაკდა

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მან სამხედრო აჯანყება დაიწყო. როგორც პრიგოჟინი განმარტავს, ამ ყველაფრის მიზეზი „ვაგნერის“ დაშლის გეგმები იყო, რომელსაც არსებობა 2023 წლის პირველ ივლისს უნდა დაესრულებინა.

„ერთ დღეში 780 კილომეტრი გავიარე. დარჩენილი იყო 200 კილომეტრზე მეტი მოსკოვამდე. ადგილზე არც ერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ვწუხვართ, რომ იძულებული გავხდით, დარტყმა მიგვეყენებინა საჰაერო ობიექტებზე. კამპანიის მიზანი იყო თავიდან აგვეცილებინა “ვაგნერის” განადგურება, ასევე, პასუხისგებაში მიცემა იმ პირებისა, რომლებმაც თავიანთი არაპროფესიონალური ქმედებებით დაუშვეს უამრავი შეცდომა „სპეცოპერაციის“ დროს. ამას ითხოვდა საზოგადოება“, – აცხადებს პრიგოჟინი, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

პრიგოჟინი ირემუნება, ამ ყველაფრის მიზანი იყო „ვაგნერის“ განადგურების თავიდან აცილება.

„მსვლელობამ აჩვენა, რომ  ქვეყანაში უსაფრთხოების დიდი პრობლემებია. გზად ყველა სამხედრო ნაწილი გადავკეტეთ. 24 საათში  დავფარეთ მანძილი, რომელიც ტოლია რუსეთის სპეცოპერაციის დაწყების ადგილიდან კიევამდე, ან უჟგოროდამდე. 2022 წლის 24 თებერვალს ჩვენნაირი ხალხი რომ ყოფილიყო იქ, სპეცოპერაცია ერთ დღეს გაგრძელდებოდა“ – აცხადებს პრიგოჟინი.

მისივე თქმით, მან რუსეთის ხელმძღვანელობას მასტერკლასი ჩაუტარა.

„რუსეთის ქალაქების მშვიდობიანი მოქალაქეები დროშებით დაგვხვდნენ და გახარებულები იყვნენ. ჩვენ ვაჩვენეთ მასტერკლასი, როგორი უნდა ყოფილიყო 24 თებერვალი. ჩვენ არ ვაპირებდით რეჟიმის დამხობას“, – აღნიშნავს „ვაგნერის“ მეთაური.

 

მსგავსი თემები