უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზის ოთხი მიმართულებით მტრის 42 შეტევა მოიგერიეს – გენშტაბი

უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზის ოთხი მიმართულებით მტრის 42 შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ანგარიშშია ნათქვამი.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემდგომი სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალია.

,,ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 30 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, 61 საჰაერო დარტყმა და 89 ზალპური რაკეტა გაუშვა ჩვენი ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და იყო მსხვერპლი,”- ნათქვამია ანგარიშში.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კვლავ ლიმანის, ბახმუტის ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებებზეა კონცენტრირებული.

,,ბახმუტის მიმართულებით ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტში. დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარა ივანივსკისა და ჩასოვოი იარას მიმართულებით. მან საჰაერო თავდასხმები განახორციელა ბოჰდანივკას, ბახმუტისა და პრედტექინეს დასახლებების რაიონებში. მტრის დაბომბვის შედეგად დაზარალდნენ დონეცკის რეგიონის ვასიუკივკა, ორიჰოვო-ვასილივკა, ნოვომარკოვე, ბახმუტ, ივანივსკე, ჩასივ იარი, სტუპოჩკი, პრედტექინი, ოლექსანდრო-შულტინე, დილიივკა, დრუჟბა, ზალიზნე და ნიუ-იორკი,”- ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი თემები