,,შეწყალებაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია”- კელი დეგნანი

,,შეწყალებასთან დაკვშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტის მისაღებია,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩმა ჰელსინკის კომისიის წერილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ჰელსინკის კომისიას აქვს მანდატი აშშ-ის კონგრესისგან, რათა მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში.

„ჰელსინკის კომისია გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც პატივს სცემენ და მას აქვს მანდატი აშშ-ის კონგრესისგან, რათა მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მედია თავისუფლებას. ისინი მკაფიოდ აცხადებენ, ისევე როგორც ბევრი სხვა, მათ შორის საელჩო, იმ შეშფოთების შესახებ, რომელიც გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის ბრალდებაზე, ბრალის წაყენების დროსა და შესაბამისად, მსჯავრის და გადაწყვეტილების თაობაზე.

ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც უკვე დიდი ხანია, საქართველოს მეგობარი და  მტკიცე მხარდამჭერია მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ცხადია, შეწყალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა ასეთ მოთხოვნას და მათ შორის, ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას“, – განაცხადა ელჩმა.

 

მსგავსი თემები