მამა ზაზას განცხადებით, ზეციდან არანაირი ცეცხლი არ გადმოდის და ეს პროპაგანდაა

ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, მამა ზაზა აცხადებს, რომ არავითარი ცეცხლის გარდამოსვლა ხდება. ეს მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია, როცა ცეცხლი თვითმფრინავებით ჩამოაქვთ და ვითომ ზეციურ ცეცხლს ხალხს ურიგებენ.

„ადამიანები მიდრეკილები არიან სასწაულისკენ. ძალიან ბევრ ადამიანს სჯერა, რომ სასწაული და განსაკუთრებული მოვლენა ხდება აღდგომის წინ და ამაზე აგებენ სარწმუნოებრივ საკითხებს. მე არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამიყენებია, ეს სინამდვილეა თუ არა.  ეს იყო სააღდგომო ტრადიცია, როდესაც წმინდა სანთელს ანთებენ და ეს არის წმინდა იმ გაგებით, რომ იკურთხება ეკლესიის მიერ როგორც ნიშანი ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა. იესო მაცხოვარი სასწაულებით არ ხიბლავდა ადამიანებს.

რაც შეეხება ცეცხლის გარდამოსვლას, მე არავის ვახვევ საკუთარ აზრს, ვისაც სჯერა, მინდა ვუთხრა, რომ სასწაულები ასეთნაირად არ ხდება. მსგავსი რამ გამორიცხულია, რომ რაღაც დანიშნულ დროს, მზის ამოსვლასავით, სასწაული ხდებოდეს. ჩვენი რწმენა არ ეფუძნება რაღაც ცეცხლებს და ასე შემდეგ. შეიძლება ამან იმდენად ცუდი სახე მიიღოს, ქრისტიანებს ცეცხლთაყვანისცემაც კი დაგვწამონ, იმდენად არასწორი მიმართებაა ამ მოვლენის მიმართ.

არავითარი აუცილებლობა არ არის, რომ ჩვენ ზეგარდმო, ზეციდან გადმომავალი ცეცხლების რწმენა გქონდეს. ამისი პროპაგანდა ხდება ყველგან, ჩამოაქვთ თვითმფინავებით ცეცხლი, ურიგებენ ადამიანებს მათ აქვთ გრძნობა რომ ეს ცეცხლი რაღაც არამიწიერი განზომილების ცეცხლია და მსგავსი რამ. ყველა აქვს თავისუფლება, მიიღოს და დაიჯეროს. ეს არსად აღწერილი არ არის, არც წმინდა წერილში და არც არსად“ – აცხადებს მამა ზაზა.

მისივე თქმით, თუ ქრისტიანები ვართ, სწორი და მართებული დამოკიდებულება გვმართებს.

მსგავსი თემები