„თუ არ გვიშველით რამეს, მოსავალი გადასაყრელი გახდება“ – ფერმერების გასაჭირი (ვიდეო)

ფერმერები სახელმწიფოს დახმარებას ითხოვენ. მარტო კახეთის 8 მუნიციპალიტეტში, 30 000-ზე მეტი დიდი და მცირე ფერმერი იდენტურ ვითარებაშია. ისინი ერთადერთს ითხოვენ – გადარჩენას.

საწყობები, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით ააშენეს, სავსეა შარშანდელი ხორბლის მოსავლით, რომლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ზოგს 600 ტონა ხორბალი უფუჭდება, ზოგს მეტი, ზოგსაც ნაკლები.

ხორბალს ტილი უჩნდება. არადა, 2 თვეში ახალ მოსავალს ელოდებიან, რომლის დასაწყობებასაც ვერ შეძლებენ. იმედგაცრუებული ფერმერები აცხადებენ, რომ შეცდნენ, რომ მთელ ფართობებზე ხორბალი მოიყვანეს. თუ პრობლემა ვერ მოგვარდა, მიწების დამუშავების აზრს ვერ ხედავენ.

„თუ არ გვიშველით რამეს, მოსავალი გადასაყრელი გახდება“…  „გვინდა, დახმარების ხელი გამოგვიწოდოთ“… „რთული პერიოდი დაგვიდგა“… „ვთხოვთ სახელმწიფოს, დაგვეხმაროს ფერმერებს, თუ ხორბალი ვერ გავყიდეთ, სესხებსაც ვერ ვიხდით და არა მხოლოდ ხორბალს, ვკარგავთ მიწებსაც და ტექნიკასაც“ – აცხადებენ ფერმერები.

პრობლემას კი ის ქმნის, რომ საქართველოში წისქვილკომბინატები დაკეტილია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყანაში რუსეთიდან იაფი ფქვილი შემოდის. შესაბამისად, ხორბლის დამუშავებას აზრი არ აქვს.

რა ხდება რეალურად, კახეთში გადაღებული ვიდეოსიუჟეტიდან ნახავთ, რომელიც ძალიან მცირე ნაწილია იმ მასშტაბური პრობლემისა, რომელიც მთლიან საქართველოშია.

„დაგვეხმარეთ“ – ფერმერებს 30 000 ტონაზე მეტი ხორბალი უფუჭდებათ, მოწეულ მოსავალს ტილი ჭამს (ვიდეო)

მსგავსი თემები