„პრიორიტეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირება“ – აშშ-ის ელჩობის კანდიდატი საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის, რობინ დანიგანის განცხადებით, ის მაქსიმალურად იმუშავებს საქართველოს მთავრობასთან და მოსახლეობასთან, რომ ქვეყანა ევროკავშირის და  ნატო-ს წევრი გახდეს.

ელჩობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში, მას ოთხი პრიორიტეტი ექნება.

„ ჩემი უმაღლესი მოვალეობა იქნება აშშ-ის საელჩოში მომუშავე გუნდის და საქართველოში ყველა ამერიკელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.  მეორე – ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათ, განახორციელონ ევროკავშირთან, ნატო-სთან და დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაციის სურვილი და დემოკრატიული მომავლის წინსვლა.

ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში. ჩვენ გვინდა დასავლეთთან მტკიცედ ინტეგრირებული დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი საზღვრები და გაუძლოს რუსეთის მავნე ქმედებების ზეწოლას, მათ შორის რუსეთის დეზინფორმაციას.

მესამე –  გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მათ შორის საქართველოში ამერიკული კომპანიებისთვის და ქართული ინვესტიციებისთვის აშშ-ში შესაძლებლობების გაზრდით.

რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ არღვევს გაერო-ს ქარტიის ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ქართველებმა ძალიან კარგად იციან ეს, რადგან მათ ნახეს, რომ ეს მოხდა 2008 წელს საკუთარ ქვეყანაში და ამას ყოველდღიურად განიცდიან. რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული. ჩემი საბოლოო პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირება“ – განაცხადა რობინ დანიგანმა.

მსგავსი თემები