„ზაზა სარალიძეს შვილს ვერც ერთი სასამართლო გაუცოცხლებს, განაჩენი სამართლიანია” – დაცვის მხარე

ზაზა სარალიძის დაცვის მხარე მიხეილ კალანდიას ოჯახს სააპელაციო, უზენაესი და ევროპის სასამართლოსკენ მიუთითებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო, სამართლიანია.

„ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ალეკო ცქიტიშვილი თვლის, რომ სასამართლო თავიდანვე სწორ კვალს დაადგა, როცა ჯგუფური დანაშაულის ნიშნებზე გაამახვილა ყურადღება.

„შევაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, დღევანდელი გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და მოსალოდნელი. სასმართლომ თავიდანვე მიანიშნა, რომ იყო ჯგუფური დანაშაულის ნიშნები და კიდევ ერთი პირი იყო დასაკავებელი. დაკავებულის მხარეს შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციებში, ზაზა სარალიძეს შვილს ვერცერთი სასამართლო გაუცოცხლებს. მესმის მათი ემოცია, მაგრამ თავი უნდა შეიკავონ ცილისმწამებლური რეპლიკებისაგან,“ – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

მსგავსი თემები