“მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადი ინტერესების საკითხების აღმოფხვრა” – ვენეციის კომისია

ვენეციის კომისიის დასკვნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  რეფორმა აუცილებელი პროცესია, რომელმაც უნდა აღმოფხვრას სასამართლო სისტემაში არსებული მანკიერი პრაქტიკა. ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებზე საუბარია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა.

„მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადი ინტერესების საკითხების აღმოფხვრა, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას;

ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა მოსამართლეთა მივლინების ან თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით მათი ნებართვის გარეშე;

მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურის გადახედვა, უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლების უფრო ზუსტად განსაზღვრით,  გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მეტი დროის მიცემითა და შეჩერების პერიოდში ხელფასის შენარჩუნებით;

შეიზღუდოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის არსებული საფუძვლები;

უზრუნველყოფა, რომ უზენაესი სასამართლოს მითითებები სავალდებულოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის“, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

როგორც კომისიაში განმარტავენ, მზად არიან, საქართველოს მუდმივად დაეხმარონ რეფორმების გატარებასა და წარმატებების მიღწევაში.

„კომისიას საქართველოს ხელისუფლებიდან აცნობეს, რომ ცვლილებების პროექტი იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი ქვეყანაში სასამართლო რეფორმის ყოვლისმომცველი სტრატეგიის მიმართულებით. წინამდებარე საკანონმდებლო ინიციატივა შეზღუდულია და არ ითვალისწინებს სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ჰოლისტიკურ რეფორმას. კომისია მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, რომ მათ სურთ, რეკომენდაციების გათვალისწინება. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში ყოველთვის იქნება და მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს“ – აღნიშნულია კომისიის დასკვნაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეუძლია აღკვეთოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ – ვენეციის კომისია

მსგავსი თემები