„დამნაშავეების დასჯის მიმართულებით, ნაბიჯი კვლავ არ გადადგმულა“ – გომელაური ოკუპანტებზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალის მხრიდან, დამნაშავეების დასასჯელად არაფერი გაკეთებულა. აღნიშნული განცხადება ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გააკეთა.

„გასულ წელს, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის უაღრესად მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯი კვლავ არ გადადგმულა. ოკუპაციის მძიმე შედეგს წარმოადგენს 2019 წლის 10 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული და მოგვიანებით, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმე. უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მოხდეს კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე“ – აღნიშნა გომელაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

მისი შეფასებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია კვლავ გრძელდება და რუსეთი არაფორმალურ ანექსიას აგრძელებს: „გრძელდება ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა. 2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალის მიერ. ამავე დროს, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, საფრთხეს უქმნიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს“.

შეგახსენებთ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს – ვახტანგ გომელაურს, დღეს პარლამენტში უსმენენ.

მსგავსი თემები