დღეს საქართველოდან თურქეთში ხუთი სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება – თურქეთის ელჩი

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალი ქაან ორბაის განცხადებით,  საქართველოდან თურქეთში დღეს ხუთი სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თურქეთის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

„დღეს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერის დასატოვებლად იყვნენ საქარათველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მათ პირადად მითხრეს იმ ფინანსური დახმარების შესახებ, რომლის მობილიზებასაც საქართველო ახორციელებს, როგორც თურქეთის ნამდვილი მეგობარი. საქართველოს ოფიციალურ დახმარებასთან ერთად, ჩემს უკან არის სატვირთოები და ეს დახმარება ორგანიზებულია საქართველოში თურქეთის ბიზნესსაზოგადოების მიერ. ეს აჩვენებს ჩვენი ქართველი ძმებისა და დების, აქ მყოფი თურქული საზოგადოების გულუხვობას.

დღეს თურქეთისკენ გაემგზავრება ხუთი სატვირთო მანქანა ჰუმანიტრაული ძალისხმევის მხარდასაჭერად. ისინი ჩავლენ გამანაწილებელ ცენტრებში, საიდანაც ტვირთი გაიგზავნება იმ ადგილებში, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩვენი დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. მან გაგზავნა 100 მაშველისგან შემდგარი ძალიან პროფესიონალი რაზმი, რომელიც ახლა ადიამანის პროვინციაში იმყოფება. როგორც ვიცი ამ დროისთვის, მათ უკვე გადაარჩინეს ნანგრევებიდან სამი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი კი, მაშველმა ძაღლმა გადაარჩინა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ საქართველო ამ კატასტროფის პირველივე დღიდან ჩვენ გვერდით დგას. ასე რომ, გულწრფელად მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხის, თურქული დიასპორის, ჩვენი ქართველი მეგობრების, ქართველი ძმებისა და დების, რომლებიც არასდროს გვტოვებენ მარტო“, – განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.

მსგავსი თემები