“ჯერჯერობით უმრავლესობის რიგებში ვრჩები” – მირიან წიკლაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური მმართველი გუნდის დატოვებას, ამ ეტაპზე არ გეგმავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ასეთი მომენტი დადგეს. 

როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი მმართველ გუნდში დარჩენის რესურს ჯერჯერობით ხედავს, მაგრამ არსებობს წინააღმდეგობრივი საკითხები, რომლებზეც უმრავლესობისგან პრინციპულად განსხვავებული პოზიცია აქვს და შეთანხმება ვერ ხერხდება. 

“გუნდში, სადაც შენს აზრს არ ითვალისწინებენ ისეთ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ეკონომიკა, სამართალი… დაველოდები, მოსამართლეების როგორ სიას შემოიტანენ, შესაძლოა იმ სიაში ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი ადამიანები იყვნენ და მაინც მომიწიოს ბარიერის გადალახვა, რასაც გუნდის დატოვება ჰქვია. ესენი ჩემი თანამებრძოლები არიან, ჩემთან ერთად იბრძოდნენ და აშენებდნენ ამ გუნდს და ახლა მათგან გამოყოფა ჩემთვის მაინცადამაინც სასიამოვნო არ იქნება”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მთავარში”. 

მისივე ინფორმაციით, მმართველ გუნდში წინააღმდეგობა რამდენიმე საკითხზე არსებობს, მათ შორის, მოსამართლეების თემა, ეკონომიკური ხედვები, მაგალითად საგადასახადო სისტემა, რომელიც, დეპუტატის აზრით, ზოგ შემთხვევაში კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის, ასევე, საპენსიო რეფორმა, “რასთან დაკავშირებით დღესაც მიდის მოლაპარაკებები და კამათი. რამდენად დაახლოვდება ჩვენი აზრები, იმაზე იქნება დამოკიდებული ჩემი გუნდში ყოფნა-არყოფნა”, – აცხადებს დეპუტატი.  

რაც შეეხება, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მცირე ფორმატში შეხვედრებს, რამაც ბოლო ხანებში აქტიური სახე მიიღო, როგორც მირიან წიკლაური განმარტავს, ასეთი შეხვედრების მიზანია, პარტიის თავმჯდომარესთან უფრო უშუალო და გახსნილი საუბრების გამართვა.

“უმრავლესობაში 150 ადამიანია, მათი მოსაზრებების ერთობლივად მოსმენა და მათი შეჯერება ძნელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ტექნიკურად მოუხერხებელია. სწორედ ამიტომ გადაწყდა მცირე ჯგუფებთან შეხვედრა. პირველი რიგის ჯგუფი ვისაც ივანიშვილი შეგვხვდა, ჩვენ ვიყავით. ანუ ის დეპუტატები, რომელმაც ეკა ბესელიას ინიციატივას დავუჭირეთ მხარი და რომელსაც უმრავლესობის უმრავლესობა არ ეთანხმებოდა. თავისთავად ცხადია, ეს აზრთა სხვადასხვაობა პირველ რიგში ჩვენთან უნდა გარკვეულიყო. ძალიან კორექტული და პრინციპული მსჯელობა გაიმართა და მივედით გარკვეულ დასკვნამდე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი დეპუტატი წინასწარ იყო განწყობილი საიმისოდ, რომ უმრავლესობის რიგები უნდა დაეტოვებინათ, ასე არ მოხდა. ისინი ჯერჯერობით უმრავლესობაში რჩებიან”, – აცხადებს მირიან წიკლაური.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მისცეს ხმა. 


მსგავსი თემები