,,2022 წელი იყო ენერგეტიკის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების და გამოცოცხლების წელი”- დავით ნარმანია ”მედიაცენტრ მთავარში”

,,2022 წელი იყო პოსტპანდემიურ პერიოდში ენერგეტიკის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების და გამოცოცხლების წელი, ასევე, ენერგეტიკის სექტორში დაწყებული რეფორმების გაგრძელების წელი,”- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

,,მარეგულირებელმა კომისიამ პრაქტიკულად დაასრულა ყველა ნორმატიული აქტის მიღება, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ბაზრის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ რეფორმას ეხებოდა. დაწყებულია აქტიური მუშაობა ბუნებრივი გაზის სექტორში იგივე ტიპის რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაზეც მომდევნო წელს გაგრძელდება აქტიური მუშაობა და მარეგულირებელი კომისიის მიერ იქნება მიღებული ბუნებრივი გაზის სექტორის მარეგულირებელი, ასევე ახალი, მნიშვნელოვანი რეგულაციები. როგორც, ენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზის სექტორში აღნიშნული რეგულაციების მიღება მიზნად ისახავს ჩვენი ენერგეტიკის სექტორის ევროპულ მოდელზე გადაყვანას, რისთვისაც მომდევნო წელს დაგეგმილია ენერგეტიკული ბაზრის გახსნა. ბირჟა პრაქტიკულად სრულ მზადყოფნაშია, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემა.

პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა, რამაც ენერგიაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. განსაკუთრებით აქტიური იყო ტურიზმის და გადამამუშვებელი ინდუსტრიის სექტორი,”- განაცხადა დავით ნარმანიამ ”მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები