„დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი“ – დაკავებული ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული კომპანია „გრინსერვის პლუს“-ის ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა, მამუკა ბლიაძემ მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ფურცხვანიძე უდანაშაულო და გაოგნებულია და დგას მყარად.

„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ის დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი. ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ და საქმის მასალები არ გადმოუციათ.  მას გაუკვირდა მისი დაკავების ამბავი, დღეში სამჯერ მიდიოდა პოლიციის სამმართველოში და თუ დასაკავებელი იყო მივიდოდა და ადგილზე დააკავებდნენ, მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს სამსახურის ეზოში. გამოძიებისთვის ჩვენება დეტალურად აქვს მიცემული და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას, თავის ბრალეულობას ამ საქმეში საერთოდ ვერ ხედავს. გაოგნებულია, არაფერი პრობლემა არ უნდა შექმნოდა მისი თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამუშაოს. თითქოს ექსპერტები აიძულა და ზეგავლენა მოახდინა, რომ ყალბი დასკვნები გაეკეთებინათ, ეს ხომ აბსურდია“, – აღნიშნა მამუკა ბლიაძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 ადამიანი დააკავეს. საუბარია შადრევნის რეაბილიტაციის პროექტზე. შადრევანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა კი გარდაიცვალა.

 

 

მსგავსი თემები