„არხოტული საფეხვნო“ – ორდღიანი დღეობა არხოტის ხეობაში

24-25 სექტემბერს, არხოტის ხეობის სოფლებში – ამღასა და ახიელში ს ადგილობრივი წეს-ჩვეულებების, ტრადიციების, კულტურისა და ყოფა-ცხოვრების მონაწილე და გამზიარებელი შეგიძლიათ გახდეთ.

,,არხოტული საფეხვნო“ (არხოტული შეკრება) ასე ჰქვია ორდღიან დღეობას, რომელიც ხეობაში იმართება.  დაგეგმილია სხვადასხვა შინაარსის აქტივობა: სოფელშივე მოხარშული ლუდის დაგემოვნება – კოდის გახსნა; ხინკლის მასტერკლასი; ღაბახი – იგივე ყაბახი; დოღი – ტაბლის დალოცვა; დოღში გამარჯვებულთა დაჯილდოვება. შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ, გაიცნოთ და მოისმინოთ რამდენიმე თაობის ხევსურ პოეტთა შემოქმედება: ტარიელ ხალხელაური, თორნიკე ნაროზაული, მამუკა ოჩიაური, გიორგი არაბული.

აღსანიშნავია, რომ არხოტს ასევე  ესტუმრებიან საქართველოს და ჩრდილო კავკასიის მთიანი კუთხეების წარმომადგენლები. ღონისძიება, ემსახურება არა მარტო სტუმრებისათვის არხოტის ხეობის ღირშესანიშნაობებისა და ტრადიციების გაცნობა-პოპულარიზაციას, არამედ კავკასიის სხვადასხვა კუთხეებს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავებასა და ხალხებს შორის უფრო მეტად დაახლოვებას.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, არხოტის ხეობაში სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ოჯახი ცხოვრობს, შესაბამისად განთავსებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სირთულეები.

ვინც დარჩენას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინეთ:

  • არხოტამდე მისასვლელად საჭიროა გამართული მაღალი გამავლობის მანქანა;
  • დარჩენის შემთხვევაში აუცილებლად თან იქონიეთ კარავი, საძილე ტომრები და თბილიტანსაცმელ-ფეხსაცმელი;
  • ვინც დარჩენას არ გეგმავთ, განსაზღვრეთ უკან დაბრუნების დრო;
  • ადგილზე არ დაგხვდებათ მაღაზია, აფთიაქი…
  • არ იჭერს ტელეფონი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ისარგებლოთ ინტერნეტით.

,,არხოტული საფეხვნო“ იმართება არხოტის სათემო კავშირისა და ადგილობრივების ორგანიზებით.

მსგავსი თემები