,,პოლიტიკური მართლმსაჯულება, ფარული თვალთვალი, მართლმსაჯულების ყველა რგოლი რუსული ვერტიკალია, რაც ჩვენი ერთიანობით უნდა ჩამოიშალოს”- დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას სოლიდარობის მიზნით დღეს ფრაქციის წევრები სასამართლო პროცესს დაესწრებიან. დეკანოიძის თქმით, გვარამიას დაპატიმრება და მისი სასამართლო პროცესი იმის დასტურია, რომ სასამართლო რჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ იარაღად.

„საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური ნება, რომ მოახდინოს მართლმსაჯულების რეფორმირების გააქტიურება, რომელიც არის 12 პუნქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. მათ შორის ის რეფორმები, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური მართლმსაჯულების გაუქმებისთვის, რაც არის ბიძინა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ღერძი. სასამართლო რჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ იარაღად და ამის ნათელი დასტურია 12:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში დაგეგმილი ნიკა გვარამიას პროცესი, რომელიც ამ ხელისუფლებამ მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა, რომ მედია დამფუძნებელია და არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ღია კრიტიკოსი. ნიკა გვარამიას საქმე, როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების გამორჩეული იარაღი მთავარი ორიენტირია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მედიათავისუფლების კუთხით და სწორედ ამიტომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ევროპარლამენტი, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.

ჩვენი ფრაქციის მყარი პოზიციაა, რომ დღეს 12:00 საათზე ნიკას სოლიდარობის მიზნით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის სოლიდარობის მიზნით, დავესწრებით ნიკა გვარამიას პროცესს და ადგილზე გამოვხატავთ სოლიდარობას ნიკა გვარამიას მიმართ. პოლიტიკური მართლმსაჯულება, ფარული თვალთვალი, მიყურადება, მართლმსაჯულების ყველა რგოლი რუსული ვერტიკალია, რაც ჩვენი ერთიანობით უნდა ჩამოიშალოს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები