ევროპარლამენტში მიიღეს ორი რეზოლუცია, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებია გაკეთებული

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მიიღეს ორი რეზოლუცია, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებია გაკეთებული.

ანგარიშები ევროპარლამენტარების მიერ 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებაა მომზადებული. სესიაზე დევიდ მაკალისტერის რეზოლუციას 338 ხმით, 86-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი, სვენ მიქსერის რეზოლუციას კი 350 დეპუტატი, 91-ის წინააღმდეგ მიემხრო.

დოკუმენტებში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერაა გამოთქმული და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში განიცადა. დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მავნე მცდელობები ევროპაში სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების იძულებით შეცვლის თაობაზე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას. მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ უსაფრთხოების თანამშრომლობა უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან, განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ასევე, დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული ევროპული საბჭოს მიმართ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ანგარიშში ასევე მოწოდებულია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო. კერძოდ: გაიყვანოს მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების განთავსება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შეუფერხებელი წვდომა მიანიჭოს.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ ტერმინი “ოკუპაცია”, როგორც ეს დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი დადგენილებებითა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებით, საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართ, რომლებიც უკანონოდ არის ოკუპირებული და რუსეთის ეფექტურ კონტროლქვეშაა.

ანგარიში მკაცრად გმობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, მავთულხლართებსა და სხვა ხელოვნური ბარიერების მოწყობას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს მოქალაქეების ხშირ უკანონო დაკავებას და გატაცებას და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს ადგილზე.

დოკუმენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირს, განაგრძოს ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, ყველა არსებული ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენებით, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გამოყენებით.

მსგავსი თემები