პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ არ მიიწვიეს

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებული ჯგუფი დღეს პირველ შეხვედრას მართვს. აღნიშნულ სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნები” არ მიიწვიეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის გაცხადებით, პროცესში მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთებიან, რომლებიც ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს.

,,მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სამართლიანი არჩევნები“ არ მოვიწვიეთ ამ სხდომაზე. ამას აქვს თავისი საფუძველი და საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში, შეიძლება ჩაერთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ როტაციული პრინციპით სხვადასხვა შეხვედრებზე სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას.  ჩვენი სამუშაო ჯგუფის კარი კი ღიაა ნებისმიერი ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და მივიჩნევთ, რომ მათი მონაწილეობა ძალიან ღირებულია ამ პროცესისთვისაც“, – განაცხადა მიქანაძემ.

დღევანდელ სხდომაზე მიწვეულია მხოლოდ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. მისმა ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. სიმონიშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აღარც საია მიიღებს მონაწილეობას.

„შეხვედრაზე მოვისმინეთ ის, რომ “სამართლიან არჩევნებს” აქვს განცხადება გაკეთებული, რომლის გამოც არ დაუშვებენ ამ ჯგუფში. ეს არის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება. ვინც როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ამის გამო სამუშაო ჯგუფში არდაშვება დისკრიმინაციულია. ISFED-მა გამოხატა სურვილი, მონაწილეობა მიეღო და მიუთითებდა იმაზე, რომ თანამშრომლობისთვის მზად იყო როგორც ოპოზიციასთან, ისე “ქართულ ოცნებასთან”,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მსგავსი თემები