„ნაცმოძრაობა“, როგორც მორიელი, ზურგზე აღარასდროს უნდა დავასვათ ქართულ საზოგადოებას”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლარიზაციის შესამცირებლად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში. მისივე განმარტებით, ვიდრე „ნაცმოძრაობა“ იქნება მეტ-ნაკლებად ძლიერად წარმოდგენილი  პოლიტიკურ სპექტრში, მანამდე  პოლარიზაცია შენარჩუნდება.

„უკვე პოლიტიკურ პარტიებს თუ ვეხებით, პოლარიზაცია გადმოვიდა „ქართულ ოცნებას“, ანუ მმართველ ძალასა და „ნაცმოძრაობას“ შორის. ვიდრე „ნაცმოძრაობა“ იქნება მეტ-ნაკლებად ძლიერად წარმოდგენილი ამ პოლიტიკურ სპექტრში, მანამდე, რა თქმა უნდა, ეს პოლარიზაცია გვექნება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში. მათ შორის, შემდეგი ორი წელიც უნდა იყოს გამოყენებული ამისათვის. ეს ყველაფერი მარტივი არ არის, თუმცა ჩვენი მხრივ, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება  „ნაციონალური მოძრაობის“ განეიტრალებას და დეპოლარიზაციას ერთობლივად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არავის მისცემს შესაძლებლობას, ზურგზე ,,დააჯდეს” ქართულ საზოგადოებას.

„მე მგონი, ჩვენ არავინ არ მოგვიწოდებს, რომ მორიელი დავისვათ ზურგზე. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით მორიელის ბუნება, ცნობილი იგავ-არაკის მიხედვით. ჩვენ ყველა შემთხვევაში, საზოგადოების განწყობის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ და არავის არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ზურგზე დაგვაჯდეს და ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაზეც“ არ არის საუბარი. „ნაცმოძრაობა“ არ უნდა დავასვათ ზურგზე ქართულ საზოგადოებას მეორედ. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვქონდა ცხრა წლის განმავლობაში და ეს რეალობა აღარ უნდა დავაბრუნოთ. „ნაცმოძრაობა“ ზურგზე, როგორც მორიელი, აღარასდროს აღარ უნდა დავასვათ ქართულ საზოგადოებას, რომელმა 308 ევროპარლამენტარმაც არ უნდა მოგვიწოდოს აქეთკენ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე“, – აღნიშნაკობახიძემ.

მსგავსი თემები