,,ბორდერიზაცია გადავიდა აქტიურ ფაზაში და მოიცვა, პრაქტიკულად, შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტი”- ირაკლი ანთიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხს. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილება უკანონო ბორდერიზაციის პროცესიც.

,,დღეს განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, მთავარი აქცენტი დღევანდელ შეხვედრაზეც გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე, ეს არის პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ასევე, ყურადღება დაეთმობა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, რომელიც, სამწუხაროდ, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე, ისევ გადავიდა აქტიურ ფაზაში და მოიცვა, პრაქტიკულად, შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტი.

ზოგადად, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, ეს ეხება უკანონო ბარიერების აღმართვას, ეს არის მეტალის კონსტრუქციები და ასევე ხდება ე.წ. ხნულების გავლება და რიგ შემთხვევებში, ადგილი აქვს ადრე აღმართული ბარიერების განახლების პროცესს, თუმცა, თითოეული ეს შემადგენელი, წარმოადგენს ერთიან კონტექსტს – ეს არის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და დღევანდელ შეხვედრაზეც ეს საკითხი იქნება მთელი სიმწვავით დაყენებული“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრაზე ქართული მხარე, საქართველოს 7 მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

მსგავსი თემები