„ვფიქრობთ, კიდევ ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა“ – თენგიზ ცერცვაძე

„ხუმრობა ხომ არ არის, რომ “რემდესივირი” ამბულატორიულ ავადმყოფებში 87%-ით, ხოლო ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში 20-62%-მდე ამცირებს დამძიმების და სიკვდილობის რისკებს“ – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე  და კატეგორიულად არ ეთანხმება იმ ექიმთა პოზიციებს, როლებიც მის არაეფექტირობაზე საუბრობენ.

როგორც ინფექციონისტი აცხადებს,  მსგავსმა დაუფიქრებელმა და გაუაზრებელმა განცხადებებმა პაციენტები დააზარალა და ბევრის სიცოცხლეც წაიღო.

„ძალიან მოკლედ გავიმეორებ ძირითად არგუმენტებს “რემდესივირის” ეფექტიანობაზე: “რემდესივირი” პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც ოფიციალურად არის რეკომენდებული (Approved) FDA-სა და EMA-ს მიერ COVID-19-ის სამკურნალოდ, მაშინ, როდესაც სხვა მედიკამენტებს უკეთეს შემთხვევაში აქვთ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვები (ე.წ. Emergency use authorisation). საგულისხმოა, რომ სადღეისოდ “რემდესივირი” შეტანილია აშშ-ს და ევროპის COVID-19-ის მკურნალობისა და მოვლის ძირითად გაიდლაინებში და წარმატებით გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სერიოზულ კლინიკაში, როგორც სტანდარტული (საბაზისო) თერაპიის (Standard of care) საშუალება. ნიშანდობლივია, რომ გასულ 2021 წელს “რემდესივირი” გახდა N1 პრეპარატი აშშ ჰოსპიტლების მიერ დახარჯული თანხის მიხედვით (https://www.reuters.com/business/healthcare-pharmaceuticals/gilead-covid-drug-takes-top-spot-us-hospital-spending-report-2022-02-01/ ). ნუთუ ბატონ გიას მართლა ჰგონია, რომ ჩვენთან ერთად მთელი ამერიკა ცდება და მხოლოდ თვითონ ფლობს ჭეშმარიტებას.

უახლესი ყველაზე მაღალი სანდოობის კვლევების საფუძველზე ყველაზე მაღალი დონის ინსტიტუციების (ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტები – NIAID/NIH, IDSA და სხვ.) გაცემული რეკომენდაციების მიხედვით “რემდესივირიდასახელებეულია COVID-ის (მათ შორის ომიკრონის შტამით გამოწვეული) სამკურნალოდ ერთ-ერთ ძირითად ანტივირუსულ მედიკამენტად (პაქსლოვიდთან ერთად), კერძოდ: “რემდესივირი” (3 გადასხმა) ამბულატორიულ COVID ავადმყოფებში 87%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და/ან სიკვდილობის რისკებს ხოლო ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში (5 გადასხმა) 20%-დან 62%-მდე (სხვადასხვა კვლევებით) ამცირებს სიკვდილობის ალბათობას.

(ის ერთეული კვლევა, რომლებზეც ბატონი გია აპელირებს და რომელთა მიხედვითაც “რემდესივირი” ნაკლებეფექტიანია, შესრულებულია წელიწადნახევრის წინ (მათ შორის ისიც რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა) და თან არასწორი დიზაინით. კერძოდ, “რემდესივირს” აძლევდნენ ყველა ავადმყოფს დაავადების ნებისმიერი ხანგრძლივობით, მაშინ როდესაც დიდი ხანია დადასტურებულია, რომ ეს მედიკამენტი ეფექტურია მხოლოდ დაავადების პირველი 8-10 დღის მანძილზე ანუ ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში. ასე რომ, ეს საკითხი კარგა ხანია დახურულია.

ის, რომ “რემდესივირი” ეფექტიანი და სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტია, საქართველოს პრაქტიკაც ადასტურებს. მაგალითად ჩვენს კლინიკაში პრაქტიკულად არცერთი ავადმყოფი, ვისაც “რემდესივირი” დროულად გადაესხა არ დამძიმებულა და არ გამხდარა საინტუბაციო. სამწუხაროდ, ბატონი გიას და მისი რამდენიმე თანამოაზრის უარყოფითი პიარის გამო “რემდესივირი” საქართველოში შეზღუდულად გამოიყენება, რითაც პირველ რიგში COVID ავადმყოფები ზარალდებიან. ვფიქრობთ, კიდევ ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა. ხუმრობა ხომ არ არის, რომ “რემდესივირი” ამბულატორიულ ავადმყოფებში 87%-ით, ხოლო ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში 20-62%-მდე ამცირებს დამძიმების და სიკვდილობის რისკებს“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები