თბილისში 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნა

თბილისის ისტორიულ ნაწილში, კერძოდ მეტეხის ხიდზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად  დღეს, 100 000 მოწამის პარაკლისი გადაიხადა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით კონცერტს დაესწრო.

,,ქართველებო, ჩვენ ვდგავართ წმინდა ადგილზე, წმინდა მიწაზე. ჩვენ ვდგავართ 100 000 ქართველის სისხლზე. შევთხოვთ უფალს, რომ 100 000 მოწამის ლოცვებით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა. საქართველო გადარჩება, რადგან საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი. იხარეთ ორთავ სოფელსა შინა“, – განაცხადა ილია მეორემ და მოსახლეობას 100 000 მოწამის ხსენების დღე მიულოცა.

ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

კახა კალაძის შეფასებით, საუკუნეების განმავლობაში ქართველების ყველაზე დიდი მტერი იყო შუღლი, ერთმანეთის უპატივცემულობა, უნდობლობა. დღეს არის ქართველთა რწმენის სიმყარის, თავდადების, ერთგულების, თავდაუზოგავი ბრძოლის; დღე.

“ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, თუ რა არის სამშობლოს სიყვარული; ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა არის ეროვნული ფასეულობები, ეროვნული იდეა, პატრიოტიზმი. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველების ყველაზე დიდი მტერი იყო შუღლი, ერთმანეთის უპატივცემულობა, უნდობლობა, ასი ათასი ქართველი მოწამე არის ნათელი მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, თავგანწირვის, მტკიცე სულის, ძლიერი ქართული ხასიათის. თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ერი არასდროს გადაშენდება. ჩვენ გვაქვს ძლიერი სული, ძლიერი რწმენა. ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს და თითოეული ჩვენგანის მფარველი”, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები