პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი გახდა. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. მან სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია.

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 45-ე წლისთავი აღინიშნა.

მსგავსი თემები