თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე, მარიხუანით მოწამლული პაციენტებისთვის დახმარების აღმოჩენის პროცესში არსებულ საკანონდებლო ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის ვერ ხერხდება დაავადების დიფერენცირებული დიაგნოზის დასმა, რადგან პაციენტის თანხმობის გარეშე კანონი კრძალავს სისხლის ანალიზის აღებას.
როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძემ განაცხადა, ნარკოლოგიური ანალიზი კეთდება გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებებში და არა ყველგან, შესაბამისად ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პაციენტისთვის, რომელიც სამედიცინო კლინიკაში შეჰყავთ ღებინებისა და ჰალუცინაციების სიმპტომებით, ძნელია დიაგნოზის დასმა.
თემურ კობიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომ კანონში არსებული მსგავსი ხარვეზი აღმოიფხვრას.
“პაციენტები თვითონ ვერაფერს გვიხსნიან, აქვთ ღებინება, ჰალუცინაციები, შიში, ისტერიკა, შფოთვა. როდესაც მდგომარეობიდან გამოდიან ამბობენ, რომ არაფერი ახსოვთ. ითხოვენ რომ მშობლებს არ ვუთხრათ. მოწამლული ახლაგაზრდების მშობლების უმეტესობა ამას ვერ იგებს, საავადმყოფოს ამის ვალდებულება არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია მშობელს მხოლოდ არასრულწლოვნის შემთხვევაში შევატყობინოთ. აქაც კანონთან შეუთავსებლობა გვაქვს. მოჰყავთ პაციენტი უგონო მდგომარეობაში, გვჭირდება დიფერენცირებისთვის ანალიზის გაკეთება ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, მხედველობაში მაქვს ბიოლოგიური სითხეების – სისხლისა და შარდის ანალიზი, რომელიც კეთდება გარკვეულ დაწესებულებებში და არა ყველგან. იმისათვის, რომ ავიღოთ ეს სისხლი, პაციენტის თანხმობაა საჭირო. ზოგჯერ პოლიციის თანამშრომლებს ვთხოვთ ხოლმე პაციენტის დარწმუნებაში დახმარებას, რომ საჭიროა სისხლის აღება. პაციენტი უგონო მდგომარეობაშია, ჩვენ კი ვერ ვადგენთ მისი მოწამვლის მიზეზს, იმიტომ, რომ სისხლის აღების უფლება არ გვაქვს”, – აცხადებს თემურ კობიძე.
მისივე ინფორმაციით, უკანასკნელი 2-3 თვის განმავლობაში მოიმატა მარიხუანით ინტოქსიკაციის შემთხვევებმა, განსაკუთრებით გოგონებში. ამას ხელს უწყობს მარიხუანის მოხმარების პროპაგანდა და ადამიანის ორგანიზმზე მისი უარყოფითი გავლენის შესახებ მოსახლეობის არაინფორმირებულობა.
” გამოსავალი პრობლემიდან სახელმწიფო დონეზე უნდა ვეძებოთ. გვაქვს კანონი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების პროპაგანდა. ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე აქცენტის გაკეთება არის დამღუპველი ჩვენი ახალგაზრდობისთვის. ახალგაზრდობას თვალი უნდა ავუხილოთ. მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია. შედეგად იბადებიან ბავშვები სხვადასხვა ანომალოებით, გონებრივად ჩამორჩენილები, ფსიქიკური აშლილობით, ერს ემუქრება უდიდესი საფრთხე. გამოდის ადამიანი ტელეეთერით და ამბობ, – აი, მე ახლა, დავთესავ მარიხუანას. ახლა მოვწევ მარიხუანას და ამით არაფერი მოხდებაო. – მასმედიის როლი ძალიან დიდია პროპაგანდაში. უნდა ჩატარდეს სოციალური კამპანია მთლიანად ნარკომანიის წინააღმდეგ. მთელი სისტემაა ამისთვის შესაქმნელი: პირველი – რეკლამირება მთლიანად უნდა შეწყდეს, მეორე – ახალგაზრდებში ჩასატარებელია განმანათლებელი სამუშაო. რასაკვირველია არ ვამბობ, რომ მოხმარებისთვის ადამიანი უნდა დააპატიმრონ, რადგან იქიდან გამოსული და გამოსწორებული არავინ გვინახავს. მაგრამ შესაძლებელია ჯარიმის განსაზღვრა და არა სიმბოლური სანქციების, როგორც დღეს არის”, – აცხადებს ასოცირებული პროფესორი თემურ კობიძე.