თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე, აცხადებს, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, 17-დან 26 წლამდე ახალგაზრდებში გაიზარდა მარიხუანით ინტოქსიკაციის შემთხვევები. მათ შორის ბევრია გოგონა.
როგორც თემურ კობიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, სამედიცინო დაწესებულებებში შესულ, მარიხუანით მოწამლულ პაციენტებს ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: ჰალუცინაციები, გულსისხლძარღვთა სისტემიდან გამოხატული რეაქციებით, გულის ფრიალით, ჰიპერტენზია, ფსიქიკური ცვლილებებით, ფსიქიკური აშლილობა, ჰალუცინაციები, რაც გადადის შემდგომ ფსიქომოტორულ აღგზნებაში. ასეთი პაციენტების მკურნალობაში საჭირო ხდება ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ჩართვა.
“რამდენიმე ახალგაზრდა უკვე გადავგზავნეთ ფსიქიატრთან. მათგან 2 განაგრძობს მკურნალობას. დიდი ხანია განგაშია ასატეხი საერთოდ ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის გახშირებული ფაქტების გამო. მარიხუანის მოხმარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს გენო ფონდს, ჩვენს ახალგაზრდობას. მათგან, ვინც მარიხუანას უწევენ პროპაგანდას, რატომღაც არავის სურს თავის შვილებზე გამოსცადონ მარიხუანის “სიკეთე”. მარიხუანის მოხმარება არის პირველი საფეხური ნარკომანიისკენ. საუბარია ძირითადად 17 წლიდან 25-26 წლამდე ახალგაზრდებზე. სრული მონაცემები საქართველოს მასშტაბით ჯერ არ მაქვს. თბილისის მასშტაბით არსებულ მდგომარეობაზე მოგახსენებთ გამოვდივარ კერძო პრაქტიკიდან, ჩემს მიერ ნანახი პაციენტებიდან”, – აცხადებს ტოქსიკოლოგი თემურ კობიძე.
მისივე თქმით, მარიხუანის პროპაგანდამ ითამაშა ის როლი, რომ მარიხუანის მოწევა თითქოს, გოგონებში კარგ ტონად ითვლება.
”მანამდე სიგარეტის მოწევა ითვლებოდა თავის წარმოჩენის, თვითდაჯერების საშუალებად. პაციენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც სიგარეტიც კი არ მოუწევიათ და მით უმეტეს, მარიხუანა არის მათთვის პირველი. მარიხუანის მოწევა განსხვავდება სიგარეტის მოწევისგან. არ არიან შეჩვეულნი. შემოსულ პაციენტებს შორის უმეტესობა ამბობს, რომ მოსწიეს მეგობრებთან. გოგონები, რომლებსაც არ აქვთ ეს მოწეული, ბიჭები სავარაუდოდ აწევინებენ გაზრდილ დოზას და იწამლებიან”, – აცხადებს თემურ კობიძე.