,,რამე ფორმით საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის ისტორიულ შანსზე იერიშის მიტანა ქვეყნის მტრობაა”- მაკა ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ბრალდებებით ქვეყანა ზარალდება.

„დღეს ჩვენს საზოგადოებას ესმის გაუგონარი ბრალდებები, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება- ქვეყანას შეელახოს რეპუტაცია და ამით მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, რაც შეაფერხებს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. თქვენ ცდილობთ თქვენი ლიდერის ციხესთან შეუთავსებლობის ჰუმანიტარულ კატასტროფად წარმოჩენას, რაც გჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორებთან პოლიტიკური პრობლემები შეუქმნათ. ძალიან სამწუხაროა ამის ყურება, მაგრამ არც ხალხს აკლია გონება, რომ სწორი შეფასებები გააკეთოს და არც ჩვენს პარტნიორებს, რომ ასე მარტივად წამოაგოთ ისტერიულ კამპანიებზე. საბოლოო ჯამში ყველა ბრალდებას სჭირდება მტკიცება, რაც ძალიან გიჭირთ და მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით ვერ აქცევთ ტყუილებს ჭეშმარიტებად,“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, უმრავლესობის წევრის განცხადებით, საქართველო ახლა ურთულეს გზას გადის ევროინტეგრაციის მიმართულებით. ამ გზაზეკი, ყველას შეუძლია თავისი პოზიტიური წვლილის შეტანა, თუკი რა თქმა უნდა ამას მოისურვებს.

„დღეს რაიმე ფორმით საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის ისტორიულ შანსზე იერიშის მიტანა ქვეყნის მტრობაა და მეტი არაფერი,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მსგავსი თემები