პირადობის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით აქცია ვრცელდება. დოკუმენტი გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უფასოდ გაიცემა.
აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან: საქართველოს ის მოქალაქეები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაც 1-ელ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი, ვის სახელზეც 2018 წლის 1-ელ მარტამდე გაცემული არ იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი;
მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
რეგისტრაციიდან მოხსნილი, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
მისამართის გარეშე რეგისტრირებული, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არცერთი დოკუმენტი;
ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა.
აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე. აქციის მიზანია, საარჩევნო ბაზების დახვეწასთან ერთად, მოქალაქეების თანამედროვე და სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა.
ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, აღნიშნული დოკუმენტი 1-ელ იანვრამდე სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ.