საქართველოს რუკის დამახინჯება შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს

საქართველოს  რუკის იმგვარად დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს.

სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ინიცირებისთვის მზად არის და განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. პროექტი დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა მოამზადეს.

პროექტის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი საქართველოს რუკის ნაბეჭდი გამოცემის, ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, იმპორტი და ექსპორტი გამოიწვევს ჯარიმას ან 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. აღსანიშნავია, რომ ბათუმში გამართულ საჭადრაკო ღონისძიებაზე რუსულმა დელეგაციამ საქართველოს რუკები დაარიგა, რომელზეც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში წარმოდგენილი არ იყო.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პარლამენტის დეპუტატმა გია ჟორჟლიანმა განუცხადა, რუკა არის სამართლებრივი რეალობის ამსახველი, ის უნდა ეყრდნობოდეს იმ სამართლებრივ საფუძველს, რომელიც არსებობს და კანონით უნდა ისჯებოდეს მისი დარღვევა.

“სახელმწიფო სიმბოლოების დაცვის შესახებ რეგულაცია არსებობს, მაგრამ ფაქტები, რომლებიც ხდება, გვაჩვენებს იმას, რომ კანონმდებლობაში ხარვეზი არსებობს და ის უნდა გამოსწორდეს”, – აცხადებს პარლამენტის დეპუტატი გია ჟორჟლიანი.

მსგავსი თემები