გავრცელებული ფარული ჩანაწერებით, მეუფემ, ფულის სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეს ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაცის აწვდიდა

დღის ერთ-ერთ ხმაურიან თემაზე, რომელიც სასულიერო თუ მაღალი თანამდებობის პირების ფარულ მიყურადებას ეხება, მეუფემ განცხადება გააკეთა. როგორც ერთ-ერთი მაღალი სასულიერო პირი აცხადებს, ქალბატონთან, რომელიც ფაილებში ფიგურირებს, მას მართლაც ჰქონდა ურთიერთობა.

საუბარია გავრცელებულ ფაილებზე, რომელიც  სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ინტერნეტში გავრცელდა. ფაილებში თითქმის ყველა სასულიერო პირი ფიგურირებს. ჩამოთვლილ გვარებს შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ჟურნალისტებიც არიან.   

აღნიშნული ფაილების მიხედვით, ფარული მიყურადების ობიექტი   ახალციხის და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც იყო. ფაილებში საუბარია, რომ მან რუსეთის მოქალაქეს ლუგარის ლაბორატორიიდან გარკვეული ინფორმაცია გადასცა და სანაცვლოდ დიდი ფული მიიღო.  

„ეს ქალბატონი ერთი პერიოდი თავიდან ძალიან ხშირად ჩამოდიოდა და იცოდა მთელმა თბილისმა, ვინც მე მიცნობდა, რომ ჩამოდიოდა რუსეთიდან ჩემთან სტუმრად. 2013 კი არა, ალბათ 2007 თუ 2008 წლიდან, აღარ მახსოვს ზუსტად, ყველა ჩემი ახლობელი იცნობდა ამ ადამიანს, ძალიან მკაფიო და ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. ყველა გავაცანი, მიშა სააკაშვილსაც გავაცანი, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ რუსეთთან ნორმალიზება გაგვეკეთებინა, იმ პერიოდში ყველამ იცოდა, რომ მე ამ ადამიანთან ვურთიერთობდი“, – აცხადებს  მეუფე.

ფარული მიყურადების ფაილების მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთის მოქალაქეს პატრიარქის პირადი შეხვედრების შესახებ ინფორმაციასაც აწვდიდა.

ოპერატიული ცნობების მიხედვით, ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ მეუფემ 30 ათასი დოლარი აიღო.

„განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნ.ფაჩუაშვილის მეგობარი, რუსეთის მოქალაქე, ლოლიტა ვლადიმერის ასული დანილინა. მათი შეხვედრები ხორციელდება როგორც ფაჩუაშვილის ვიზიტისას მოსკოვში, ასევე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ფაჩუაშვილი ხ. გოგორიშვილისგან და ხ.ოჩიაურისგან, ასევე, მ. მაჭავარიანისგან მიღებულ ინფორმაციებს დაუყოვნებლივ აწვდიდა დანილინას.

კერძოდ, ფაჩუაშვილმა 2013 წლის აგვისტოს თვეში ინტერნეტის საშუალებით დანილინას გადაუგზავნა ინფორმაცია თბილისში, კახეთის გზატკეცილი N16-ში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შესახებ, სადაც 2013 წელს შემოწმების მიზნით იმყოფებოდა რუსული დელეგაცია გენადი ონიშენკოს წარმომადგენლების თანხლებით. მიტროპოლიტი დანილინას უგროვებდა ინფორმაციებს და ინტერნეტ პროგრამა სკაიპის მეშვეობით აწვდიდა მას,” – ვკითხულობთ გავრცელებულ ფაილებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. ფაილების ავთენტურობა ამ ეტაპისთვის დადასტურებული არ არის.  

მსგავსი თემები