„ჩემი პირადი ნომრის გამოყენებით შევიდნენ და დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი პირადობის ნომრის გამოყენებით სიყალბე ჩაიდინეს და  მეორე აცრაზე დაარეგისტრირეს.

„კოვიდ-ბარათი არის საინფორმაციო ტიპის ბარათი, რომელიც ყველა მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს, ის, რომ ჩემი პირადი ნომრით, უნებართვოდ შედიან და ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, არის ძალიან სამარცხვინო საქციელი. „მთავარმა არხმა“ მორიგი სიცრუე და პროვოკაცია ჩაიდინა, კერძოდ, მინდა მოსახლეობას ავუხსნა, ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი პირადი ნომრის გამოყენებით შევიდნენ და დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯერ მხოლოდ ერთხელ არის აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით და პროტოკოლით განსაზღვრული ვადა მეორე აცრისთვის, არ გასულა.

„ერთხელ ვარ აცრილი „ფაიზერით“ და მაქვს კიდევ რამდენიმე კვირა, პროტოკოლით განსაზღვრულია 21-28 დღე ან მაქსიმუმ 42 დღემდე, ჯერ არ არის გასული 28 დღე. მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ის, რომ ჩემი პირადი ნომრით, უნებართვოდ, ჩემი ნებართვის გარეშე შედიან თქვენი თანამშრომლები და მართლაც ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, არის ძალიან სამარცხვინო საქციელი. გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ავიღე გაყალბებული კოვიდ-ბარათი. ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია“ – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები