„სპეცრაზმი ჩაიყვანა პანკისში, მთელს სოფელს აცემინა ქვებით და კაცი არ დაუსჯია“ – ღარიბაშვილი გახარიაზე

„შევახსენებ გახარიას, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინებაა ის, როცა პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და პატარა ბავშვივით გაიქცა, გადადგა, ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, როდესაც სპეცრაზმი ჩაიყვანა პანკისში, მთელს სოფელს აცემინა ქვებით და კაცი არ დაუსჯია“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით და დასძენს, რომ მალე ყველა ნახავს, სად იქნება გახარია არჩევნების შემდეგ.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გახარიას საქციელს სახელი უკვე დაარქვა და ყველა მოქალაქემ კარგად იცის, რა ჩაიდინა მან.

„აქედან შევახსენებ გახარიას, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი და ყველამ, მათ შორის პარტიის დამფუძნებელმა მას სახელი დაარქვა. ჩვენმა ყველა მოქალაქემ კარგად იცის, რა ჩაიდინა მან. ღალატია ის, რაც მან ჩაიდინა. გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როდესაც გულდაწყვეტით საუბრობს ინსტიტუტის დაკნინებაზე თუ დანგრევაზე. მინდა, მოსახლეობას შევახსენო და ჩვენ გუნდის შიგნით ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის მისი თანდასწრებით. ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე, მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე და პატარა ბავშვივით გაიქცა, გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა პოლიციას. ეს ერთი. მეორე, ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, როდესაც მან სპეცრაზმი ჩაიყვანა პანკისში და მთელს სოფელს აცემინა ქვებით და კაცი არ დაუსჯია. და მესამე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გახსოვთ ალბათ, რაღაც გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა, კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი, შემდეგ გამოვიდა და ნახეთ, რომ კლუბში ვინც იყვნენ, მათ პოლიციელებს არაერთგზის მიაყენეს შეურაცხყოფა და გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, მათ შორის იმ ხალხს, რომელსაც თვითონ ეძახდა ნარკომანებს და ა.შ. ეს არის ინსტიტუტის დაკნინება“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები