“ღამის განმავლობაში მიყოლებით მოხდა რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა, იყო პატარა ბიძგებიც” – თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ საქართველოში ღამის განმავლობაში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

როგორც გოდოლაძემ განაცხადა, დაფიქსირდა მცირე ბიძგებიც.

„ღამის განმავლობაში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან. ეს არ იყო ერთი ბიძგი. ბიძგს მომყოლი მიწისძვრებიც ჰქონდა. აქედან ყველაზე ძლიერი, რა თქმა უნდა, არის მთავარი ბიძგი, 5.1 მაგნიტუდის, რომელიც 05:44 საათზე დაფიქსირდა. ამას მოჰყვა მიწისძვრა 05:51 საათზეც, რომლის მაგნიტუდა შედარებით პატარაა, მაგრამ ლოკალური მოსახლეობისთვის შეიძლება, საგრძნობი ყოფილიყო 3.2-იანიც. ასევე, სამებასთან 03:19 საათზე მოხდა 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა. ანუ მთელი ღამის განმავლობაში მიყოლებით მოხდა რამდენიმე ძლიერი და რა თქმა უნდა, იყო პატარა ბიძგებიც“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.

საქართველოში ბოლო რამდენიმე საათში ოთხი მიწისძვრა მოხდა. ყველა შემთხვევაში ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან იყო.

მსგავსი თემები