“არავინ არ უნდა დაძრას სიტყვა არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, ეს არის „ქართული ოცნების“ – ნიკა მელია

გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე და პრაქტიკულად მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აღიარა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, 2 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დამარცხება უნდა გაფორმდეს.

„რამდენიმე დღის წინ გითხარით, რომ „ქართული ოცნება“, ოლიგარქია უნდა ჩაბარდეს წარსულს და აი, უკვე გუშინვე, „ქართულმა ოცნებამ“ თავად აღიარა, რომ ბარდება წარსულს და შეშინებულებმა, აცახცახებულებმა კარს მომდგარი დამარცხების წინაშე, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს.

მაგრამ ეს არ ცვლის არანაირ გეგმებს ჩვენს დღის წესრიგში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არანაირი ძალა არ აქვს „ქართული ოცნების“ სურვილს, გამოვიდეს დაწესებული 43%-იანი ბარიერის ვალდებულებიდან, ეს არის აბსოლუტურად ამაო. გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე და პრაქტიკულად მან გუშინ აღიარა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ.

კოდევ უფრო მკაფიო გახდა, რასთან გვაქვს საქმე დღეს ჩვენ თანამედროვე საქართველოში, კიდევ უფრო ცხადი გახდა, თუ რა არჩევნების წინაშე დგას ქართველი ერი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის, ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის და უკვე დამარცხებული „ქართული ოცნების“ გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს.

არავინ არანაირი სიტყვა არ უნდა დაძრას არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში, ეს არის ცხადზე უცხადესი. სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ძალა არის ჩვენს მხარეს, რიცხოვნობა არის ჩვენს სასარგებლოდ. მაშ, რაშია საქმე, რწმენაშია საქმე? და სად არის რწმენა? რწმენაც აქ არის, თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. მომავლის გადმოსახედიდადნ შევხედოთ დღევანდელ ყოფას, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ გვაქვს უფლება, ოდნავ მაინც დავუშვათ, რომ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვლება ჩვენი პასიურობით. „ქართული ოცნება“, მიუხედავად მათი მცდელობისა, ამას ვერ განახორციელებს, ვერ განახორციელებს, რადგან ამაყი, ღირსეული ქართველი ერი ამას არ დაუშვებს, მეასე ხარისხოვანია რომელიმე პარტია, დღეს ერი უნდა გაერთიანდეს ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე.

ძალიან ცხადად დაინახა „ქართულმა ოცნებამ“, იმაზე ცხადად, ვიდრე მავანს ეგონა, მკაფიოდ და ნათლად, რომ იგი მარცხდება ამ არჩევნებში, მისი გენერალური მდივანი თბილისში ვერც კი უახლოვდება დაწესებულ 43%-იან ბარიერს, მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ აღიარებს თუ არა 43%-იან პრინციპს, ჩვენ გავალთ ამ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“, ის იძულებული იქნება, რომ დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ მას ნაკლებად ვკითხავთ რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, ჩანიშნავს თუ არა ვადამდელ არჩევნებს, რადგან ამ არჩევნებს დანიშნავს ქართველი ხალხი“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

მსგავსი თემები