დატყვევებული ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად ქვემო ჭალაში მსვლელობა მიმდინარეობს

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლებისა და ხელისუფლების გააქტიურების მოთხოვნით სოფელ ქვემო ჭალაში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს, რომელსაც ზაზა გახელაძის ოჯახი, ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქციას  ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

დატყვევებული  გახელაძის ოჯახმა აქციის ფორმატი შეცვალა და მსვლელობა  სამთავისის ტაძართან დასრულდება.

„ ვითვალისწინებთ პატრიარქის თხოვნას. ეს არის მშვიდობიანი მსვლელობა. ჩვენი პროტესტი აქ დასრულდება. ეს არი ჩვენი ოჯახის პოზიცია და გადაწყვეტილება. ამ ფორმით ვითხოვთ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას“, – აცხადებს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი. 

ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას ვადას აძლევს, რომ იმოქმედონ.

„არ ვთმობთ! პირიქით, ხელისუფლებას კიდევ ვაძლევთ სამოქმედო დროს იმისათვის, რომ იფიქროს შედეგზე, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს გათავისუფლება. ხელისუფლებას ვაძლევთ კიდევ ერთხელ ვადას და ეს ვადა იქამდე გაგრძელდება, სანამ საპატრიარქოსგან პასუხი არ მოვა”, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქი, ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთის პატრიარქს მიმართავს.

მსგავსი თემები