კახა ოქრიაშვილი ოპოზიციას მიმართავს, საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღონ

პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართავს და მოუწოდებს, მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, პარლამენტის მუშაობა გაეთიშონ და მონაწილეობა არ მიიღონ საკანონმდებლო საქმიანობაში.

ოქრიაშვილის მოსამართლეების დანიშვნის პროცესს უკანონოს უწოდებს, პროცესში მონაწილეებს კი არალეგიტიმურ დეპუტატებს.

„მიუხედავად საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აშშ-სა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ელჩების რეკომენდაციებისა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა კიდევ ერთი არალეგიტიმური ნაბიჯი და სამწუხაროდ, გააგრძელა სვლა სრული ავტორიტარიზმისკენ. არჩევნების შემდეგ, ისინი აყალბებენ სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს და აყალიბებენ ავტორიტარულ, მართულ სასამართლო სისტემას.

მეათე მოწვევის ე.წ. გარდამავალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური. შემოდგომის 43%-იანი პლებისციტის შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, უნდა გადაიხედოს მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, ხოლო უკანონოდ გამწესებული მოსამართლეები დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ სასამართლო სისტემას“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი და კოლეგებს მიმართავს.

„ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში“ – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები